საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება

 

„აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება" დაფუძნდა 2019 წლის 25 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე. იგი ატარებს ცნობილი მეცნიერის, ექიმისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელს. თავდაპირველად საზოგადოება იწოდებოდა, როგორც „სტუდენტთა სამეცნიერო საბჭო" და მისი პირველი პრეზიდენტი გახლდათ - თამარ ნემსაძე. „სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს" რეორგანიზაციის შედეგად მას შეეცვალა სახელწოდება და მიენიჭა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელი. 2019 წლის 25 ივნისიდან  საზოგადოების არჩეული  პრეზიდენტია გიორგი გაგუა.  ამ ხნის განმავლობაში, აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მნიშვნელოვნად განვითარდა, ჩატარდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გამორჩეული იყო მასშტაბითა და მნიშვნელობით.

 

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა “I სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში“, რომელიც მიეძღვნა აკად. ივანე ბერიტაშვილის 135 წლისა და მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფ. დიმიტრი კორძაიასა და აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტის გიორგი გაგუას ჩართულობით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს შორის, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სამედიცინო პრაქტიკის მიღებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნა ინტერნაციონალიზაციის ბორდი, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი იყო.

 

2019 წლის 22-28 სექტემბერს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „MICROBES AND OTHER VIRUSES,  ECOLOGY, DIVERSITY,  APPLICATIONS”.  კონფერენციას მასპინძლობდა: ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი - „აკადემია ევროპეა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლაბორაციით ბერგენისა და ერევნის უნივერსიტეტები, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორის პროფ. დავით ფრანგიშვილის და აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტის გიორგი გაგუას უერთიერთშეთანხმების საფუძველზე საზოგადოების რამდენიმე წევრი დაესწრო აღნიშნულ მეტად საინტერესო და სასარგებლო საერთაშორისო ღონისძიებას.

 

აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით მიმდინარეობდა კვლევა, რომელიც შეეხებოდა - „SARS-COV-2 ით გამოწვეული ინფექციის შესახებ ინფორმირებულობის დონის შეფასებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის.“ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდა 400-მდე სტუდენტი. კვლევაში გამოყენებულია ჯანმო-ს მიერ მოწოდებული კითხვარის მოდიფიცირებული ვერსია. ამჟამად მიმდინარეობს მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება SPSS-ში, რის შემდეგაც გამოქვეყნდება არსებული  შედეგები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა SARS-COV-2 ით გამოწვეული ახალი კორონავირუსული ინფექციის შესახებ ინფორმირებულობის ხარისხის დადგენა, საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტებში პრევენციული ზომების დაცვის დონის შეფასება, კომუნიკაციის ხარისხის შემოწმება პოპულაციასა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის. – კვლევის ხელმძღვანელია პროფ. ნინო შარაშიძე - თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების კათედრის ხელმძღვანელი.

 

2019 წლის 7 დეკემბერს შპს „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტისა“ და „საქართველოს კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების“ ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია: „კარდიო-ონკოლოგია სიახლე, სირთულე პერსპექტივა.“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო შარაშიძემ განიხილა კარდიო-ონკოლოგიის ძირითადი მიმართულებები. კონფერენციის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამეცნიერო საზოგადოების წევრები.

 

საზოგადოება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, ეს მიმართულებებია: საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი, კლინიკური მედიცინის დეპარტამენტი, სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი. ამასთან, საზოგადოება წარმოდგენილია შემდეგი სამსახურებით, ესენია: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, კადრების სამსახური, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განვითარების სამსახური, ხარისხის უზრუნველყოფის, დოქტორანტურის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახური. საზოგადოებას ჰყავს გენერალური მდივანი და გამგეობა. რაც მთავარია და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი „აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას“ ჰყავს ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერ-კონსულტანტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების განვითარებაში.